სტუმარი

არქიტექტურა საქართველოში

Wednesday, 25 November 2009

არქიტექტურული განათლება საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები/Architectural Education in Georgia: Problems and Perspectives

ისტორიის მანძილზე განაშენიანებული სივრცე ყოველთვის იყო მისი შემქმნელი საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული სისტემის ერთ-ერთი გამომხატველი და განმსაზღვრელი, არქიტექტურა და ქალაქგეგმარება კი ძალაუფლების განხორციელების ეფექტურ იარაღს წარმოადგენდა. დღევანდელ მსოფლიოში უფრო და უფრო იკვეთება ალტერნატიული პოლიტიკური პროექტების განხორციელების აუცილებლობა. ნათელია რომ არქიტექტურა და ქალაქგეგმარება დღეს დამკვიდრებული ინერტული ფორმებით უძლურია მონაწილეობა მიიღოს თანამედროვეობის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაწყვეტაში, რდაგან ასეთი პროექტების წარმატება პირდაპირ პროპორციულია საზოგადოებაში სამოქალაქო ინიციატივისა და აქტივიზმის ხარისხისა. აქედან გამომდინარე საჭიროება დგება არქიტექტორებმა და განაშენიანებულ გარემოსთან დაკავშირებულმა სხვა პროფესიონალებმა გადააფასონ თავიანთი პროფესიების მიმართ დამკვიდრებული შეხედულებები და, როგორც საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, აიღონ პოლიტიკური ინიციატივა სოციუმის და მისი სივრცის პროგრესული განვითარების საქმეში.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ მის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნები, რიგი მიზეზების გამო, მოუმზადებელი აღმოჩნდნენ კაპიტალისტური სისტემისთვის დამახასიათებელი პროცესებისა და მათი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო უკუჩვენებების სამართავად. საქართველოს სწრაფი სვლა საბაზრო ეკონომიკისკენ, მისი ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პირობები, სპეციფიკურ სივრცეს წარმოშობს. ეს არის სივრცე, რომელიც გამოხატავს ცენტრალიზებული და მოუქნელი მართვის სისტემის არაეფექტურობას, კერძო სექტორის მიერ საზოგადოებრივი გარემოს დისკრიმინაციას, დიდი საერთაშორისო კაპიტალის ლოკალურ ეკონომიკაზე დომინაციას, მზარდ სოციალურ უთანასწორობას, რელიგიურ თუ ეთნიკურ შეუმწყნარებლობას და ა.შ. ასეთი სივრცე პირდაპირ გავლენას ახდენს მისი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათი ცხოვრების ხარისხზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და პოლიტიკური თუ სოციო-კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. ამ ვითარებაში საზოგადოების წინაშე მისი სივრცითი ორგანიზაციისთვის ახალი, გადაუდებელი მოთხოვნები და გამოწვევები დგება.

დღეს საქართველოში განაშენიანებულ გარემოსთან დაკავშირებით, ახალი რეალობის მიერ შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ საჭირო ცოდნა თითქმის არ არსებობს. ეს მდგომარეობა თანაბრად ვრცელდება როგორც მთლიანად საზოგადოებაზე, ასევე ამ დარგების პროფესიონალებზე - არქიტექტორებზე, ურბანისტებზე და ა.შ. ქმედითი ნაბიჯების არ არსებობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამის ერთ ერთი ნიშანია ის, რომ საზოგადოებრივ დისკურსში თითქმის არასდროს ფიგურირებს განაშენიანებული გარემო და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა. არ არსებობს სოციო-სივრცითი პროცესების რეტროსპექტიული პრობლემატიზაცია და გრძელვადიანი ხედვა იმისა ,თუ რა მემკვიდრეობა გვერგო, რას ვქმნით ჩვენ, რას დაუტოვებთ მომავალ თაობებს და როგორ შეგვიძლია განვითარების კურსი შევცვალოთ უკეთესი შედეგების მისაღებად?

ეს სიტუაცია, ქვეყანაში არსებული ზოგადი სიძნელეების გარდა, გამოწვეულია განაშენიანებულ გარემოსთან დაკავშირებულ დარგებში საჭირო ინფორმაციისა და ადექვატური განათლების სიმწირით. არ არსებობს თანხვედრა არსებულ პრობლემატიკასა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს შორის, რაც თავის მხრივ, პრაქტიკაზეც ლოგიკურ გავლენას ახდენს.

ადრესაბჭოური კულტურული ავანგარდის დიქტატურით ჩახშობის შემდეგ, საბჭოთა კავშირში არქიტექტურული განათლება და პრაქტიკა თანდათან დეგრადირდა. სისტემის დაშლის დროს, მეოცე საუკუნის 80-90-იან წლებში კი ის უკვე სრულიად დემორალიზებული იყო. ტრადიციულად, მისი მთავარი მიზანი იყო შეექმნა პროფესიონალი, რომელიც დიქტატურული რეჟიმის სივრცითი პოლიტიკის ტექნიკური შემსრულებელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე შუა და გვიან საბჭოური არქიტექტურული განათლებიდან განდევნილ იქნა კრიტიკული აზროვნებისა და თავისუფალი შემოქმედებითი ძიების ყოველგვარი ფორმა.

საბჭოთა კავშირის დაშლა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც დასავლეთში, 70-იან წლებში მოდერნიზმის კრიტიკით რობერტ ვენტურის, ფილიპ ჯონსონის და სხვა არქიტექტორების თაოსნობით დაწყებულმა მოძრაობამ თავისი პოპულიზმითა და კიტჩით კულმინაციას მიაღწია. მოძრაობის მიზანი იყო არქიტექტურისთვის სემანტიკური მნიშვნელობის დაბრუნება და ამით მისთვის დაკარგული სოციალური ლეგიტიმურობის აღდგენა, მაგრამ თავისი კონსერვატიულ-პოპულისტური ღირებულებებისა და არაკრიტიკული პოზიციის გამო ადვილად მოექცა ბაზრის გავლენის ქვეშ და კომერციული ესთეტიკის სიმბოლო გახდა.

ამის საპასუხოდ, მაშინ ახალგაზრდა არქიტექტორები პიტერ აიზენმანის, ალდო როსის და მათი თანამოაზრეების თაოსნობით შეეცადნენ კიდევ ერთხელ წამოეწიათ ხელოვნების ისტორიაში უკვე ცნობილი არქიტექტურის ავტონომიის იდეა, რომელიც გულისხმობდა გარედან მომდინარე იმპულსებისგან დარგის სრულ იზოლაციას და მიზნად ისახავდა საზოგადოებაში გაბატონებული მომხმარებლური კულტურისგან მის დაცვას. ამ ინიციატივას არქიტექტურის კრიტიკოსმა მანფრედო ტაფურიმ იმთავითვე ”ბუდუარის არქიტექტურა” უწოდა და მისი წინააღმდეგობის ფორმების არაეფექტურობა აჩვენა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც. სამომხმარებლო ბაზრმა ავტონომიის პროექტიც მალე შეითვისა, უფრო მეტიც აქედან აღმოცენდა ადრე უცნობი ფენომენები, როგორებიცაა არქიტექტურული იდეის საბაზრო პროდუქტად ქცევა, გამორჩეული შენობების სახით ქალაქებისთვის სავაჭრო მარკების შექმნა და ასე შემდეგ.

დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ მეოცე საუკუნის დასასრულს დასავლეთ ევროპისა და ამერიკის არქიტექტურულ და ზოგადად კულტურულ წიაღში მიმდინარე ეს პროცესები პოსტ-მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი მორიგი შიდა წინააღმდეგობა იყო, რამაც პრობლემის არსებითად განსხვავებული ხედვის ჩამოყალიბება ან მისი მოგვარება ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება არქიტექტურის ავტონომიის პროექტს ეჭვქვეშ აყენებს და ცდილობს ალტერნატიული გზების ძიებას, ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს წამყვან პოზიციას დომინანტ არქიტექტურულ და ქალაქგეგმარებით პრაქტიკასა და განათლებაში.

პარადოქსია, მაგრამ საბჭოთა და პოსტ-მოდერნული სახელოვნებო პრაქტიკა და განათლება თავიანთი არსით საუკეთესოდ შეერწყა ერთმანეთს. აქედან გამომდინარე პოსტ-საბჭოთა საქართველოს სამხატვრო აკადემიაში, სახელოვნებო განათლების პოლიტიკის არსებითი ცვლილების აუცილებლობა არ დამდგარა და მან სიბნელის ეპოქიდან, რომელიც თითქმის სტალინის ადრეული მმართველობიდან იღებს სათავეს, დღესაც თითქმის უცვლელი სახით მოაღწია. ერთადერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ თუ საბჭოური განათლება ბიუროკრატიული აპარატის პოლიტიკის ბრმა გამტარებლებს აწარმოებდა, დღევანდელი განათლება კაპიტალის კერძო ინტერესებში შემავალი სივრცითი პროგრამის აღმასრულებელი კადრებით გვამარაგებს, რომელთათვისაც კრიტიკული აზროვნება და მათი შრომის სოციო-კულტურული მნიშვნელობის მცნება სრულიად უცხოა. რა თქმა უნდა ამ მხრივ ადგილობრივი განათლება დასავლურს მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტექნიკური ხარისხით, რაც თავის მხრივ მათ განმასხვავებელ მთავარ ნიშანს წარმოადგენს.

როგორი ფორმით მიმდინარეობს ეს პროცესი?

სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ხდება არქიტექტურის დარგის ფუნდამენტალურად არასწორი ინტერპრეტაცია, თეორიისა და ისტორიის გაყალბება, მისტიფიკაცია და ფართო კონტექსტიდან იზოლირება. ამას ხელს უწყობს არქიტექტურის დაყვანა მხოლოდ ტექნიკურ-ფორმალურ ასპექტებზე და მისი საზრდოობა აბსტრაქტული ინსპირაციებით. ხდება სასწავლო პროგრამის შემადგენელი საგნების სრული იზოლაცია, რადგან სწავლის პროცესი არ მიმდინარეობს დისკუსიის რეჟიმში, არათუ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან და პედაგოგებთან, არამედ თავად ფაკულტეტის შიგნითაც. ასეთი დიალოგი ვერც იარსებებს ერთიანი თეორიული ბაზის ან მიზნების არარსებობის პირობებში. (ზემოთ აღწერილი ტენდენცია პოსტ-მოდერნული განათლებისთვის დამახასიათებელი თვისებაცაა). დისკუსიის არ არსებობის პირობებში ხდება პედაგოგების მიერ სტუდენტებისათვის ცოდნის ავტომატურ რეჟიმში მზა ფორმით მიწოდება, რაც ვლინდება ამ უკანასკნელთა ინტელექტუალურ დისკრიმინაციაში.

აქვე უნდა აღინიშნოს სხვა სახელოვნებო დარგებს შორის არქიტექტურის უტილიტარული მხარის სიდიდე, რაც განაპირობებს ამ დარგში მსგავსი სახის საგანმანათლებლო პოლიტიკის მნიშვნელოვან წარმატებას. ასეთ პირობებში არქიტექტურა წარმოჩინდება უპირველეს ყოვლისა, როგორც საბაზრო საქონელი და არა როგორც კულტურული პროდუქტი, არქიტექტორი კი - როგორც დაკვეთის ტექნიკური შემსრულებელი, რომელსაც ინტელექტუალურ დისკურსში დარჩენის ამბიცია მხოლოდ დაკვეთის ტექნიკურად და ფორმალურად წარმატებულად შესრულების საფუძველზე უნდა ჰქონდეს (მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზემოთ მოყვანილ აღწერაში ვგულისხმობ ისეთ განათლებას, რომელიც სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პრაქტიკის გამართულად მუშაობის პირობებში იარსებებდა, რადგან იმ ფორმით, როგორც დღეს ის არსებობს, არანაირ რაციონალურ განხილვას არ ექვემდებარება).

შედეგად ვიღებთ პროფესიონალებს, რომლებიც ვერ ათვითცნობიერებენ მათ წინაშე მდგარ პროფესიულ თუ სამოქალაქო მიზნებსა და ამოცანებს, არ ფლობენ ინფორმაციას თანამედროვე კულტურულ თუ კონკრეტულად დარგთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ პროცესებზე. ეს თავისთავად აისახება განაშენიანებულ გარემოზე და საზოგადოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. მსგავსი სიმპტომები არ არის მხოლოდ სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სპეციფიკა და იგივე ფორმებით ვრცელდება როგორც აკადემიის ყველა სხვა დარგზე, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პრაქტიკაზე.

პროგრესული არქიტექტურული განათლების, ისევე როგორც ზოგადად უმაღლესი განათლების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კრიტიკულად მოაზროვნე პროფესიონალების ჩამოყალიბებას, რაც ცალსახად განაპირობებს არა მხოლოდ კონკრეტული დისციპლინების, არამედ ზოგადად სოციუმის მომავალ განვითარებას. ნათელია, რომ ასეთი მიზნის მისაღწევად არ არის საკმარისი ის უხარისხო და იზოლირებული პროფესიული ცოდნა, რაც დღეს დისკუსიისგან სრულიად თავისუფალ სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე, სტუდენტებს მიეწოდებათ.

ზემოთ აღწერილი მიზნის მისაღწევად შესაფერისი არქიტექტურული განათლების პირობებში, საჭიროა სტუდენტებს გადაეცეთ ხარისხიანი ცოდნა ამ კონკრეტულ დარგში თუ ზოგადად სახელოვნებო სივრცეში მიმდინარე აქტუალური თეორიული დისკურსის შესახებ. რა თქმა უნდა ეს უნდა ხდებოდეს ისტორიული თუ თანამედროვე მოვლენების სისტემურ ხედვასთან ერთად. ასეთი განათლება სტუდენტებს საშუალებას მისცემს მოახდინონ ინტელექტუალური ორიენტაცია და განსაზღვრონ თანამედროვეობისთვის აქტუალური პრობლემატიკა. ამისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს კრიტიკულ თეორიას, რაც სხვადასხვა დოზით მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციო-კულტურულ კომპონენტებს.

სტუდენტებს უნდა მიეცეთ სათანადო ცოდნა იმისთვის რომ გაიაზრონ განაშენიანებული გარემოს წარმოქმნის კომპლექსური ბუნება, შეძლონ კრიტიკულად გაანალიზონ ერთის მხრივ სოციალური სივრცე, ხოლო მეორეს მხრივ მის ჩამოყალიბებაში ჩართული სხვადასხვა ფაქტორები და ამ ორი მხარის ურთიერთქმედების ძირითადი პრინციპები. ეს მათ დაეხმარება გააცნობიერონ მათ მიერ შექმნილი პროდუქტის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული მნიშვნელობა და მოახდინონ კონცენტრაცია არა აბსტრაქტულ ფორმალურ თუ ტექნიკურ ინსპირაციებზე, არამედ საზოგადოების წინაშე მდგარ რეალურ პრობლემებზე.

ასეთ ანალიზზე დაყრდნობით მათ უნდა წარმართონ თეორიული და პრაქტიკული სამუშაო, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ უპასუხონ პროფესიისა თუ საზოგადოების წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებს; თავიანთი ინტელექტუალური შრომის საფუძველზე ჩაერთონ და თავი დაიმკვიდრონ საერთაშორისო კულტურულ დისკურსში.

რა თქმა უნდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს სამშენებლო კონსტრუქციებს, ტექნოლოგიებს და სხვა ტექნიკურ საგნებს, რომლებიც სტუდენტებს უნდა ეხმარებოდეს დასახული ამოცანების ეფექტურად გადაწყვეტაში.

სწავლის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი დისკუსიის რეჟიმში სტუდენტებთან, პედაგოგებთან, ადგილობრივ თუ მოწვეულ კრიტიკოსებთან ერთად. ეს ერთის მხრივ დაეხმარება სტუდენტებს შეიძინონ აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების და ნათლად გამოხატვის უნარები, ხოლო მეორეს მხრივ აკადემიურ სივრცეში განაპირობებს შემოქმედებით ძიებას, ექსპერიმენტირებას, ცვალებადი რეალობის შესაბამისად თეორიული თუ პრაქტიკული მიზნების განსაზღვრა-გადასინჯვას და სხვა ჯანსაღ პროცესებს.

ამის გარდა ფაკულტეტი, სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, თავად უნდა ქმნიდეს ცოდნას. ეს თემა ცალკე განხილვის საგანია და აქ აღარ ჩაუღრმავდები. ამასთან ერთად აქ მოყვანილი ყოველი იდეა საჭიროებს დაკონკრეტებას და ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა.

ამრიგად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ სტუდენტების მიერ არქიტექტურის ფაკულტეტზე მიღებული განათლება არაპროდუქტიულია. მეტიც, ასეთი სახის განათლება არათუ ემსახურება სტუდენტების განვითარებას, არამედ თავს ახვევს რეტროგრადულ დისციპლინარულ ჩარჩოებს, რომელთაგან განთავისუფლება დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს.

ამით ირღვევა სტუდენტების ძირითადი უფლება - მიიღონ ხარისხიანი განათლება!

აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ საქართველოში არქიტექტურული და ზოგადად სახელოვნებო განათლება ღრმა კრიზისშია და საჭიროებს რადიკალურ ცვლილებებს